რუსეთის მიერ გამოცხადებული "საშობაო ზავის" მიუხედავად, ოკუპანტებმა შობის ღამეს უკრაინის ქალაქები რამდენჯერმე დაბომბეს, მათ შორის, ბახმუტი. უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავდა 13 მოქალაქე, ხოლო დაიღუპა - 2.
მათი ინფორმაციით, ბახმუტში საცხოვრებელ არეალზე მიტანილი საარტილერიო იერიშის შედეგად, დაიღუპა 66 წლის კაცი და 61 წლის ქალი, 13-მა ადამიანმა კი ნაღმების აფეთქებებისა და ნამსხვრევების შედეგად დაზიანებები მიიღო. ამასთან, დაზიანდა და განადგურდა კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და სხვა ობიექტები.
6 იანვარს უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში 2 საათის განმავლობაში ისმოდა. ერთ დღეში, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს 39-ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ამით რუსეთმა თავისივე დადებული "ზავი" დაარღვია, რომლის ფარგლებშიც შობის დღეს ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო.